English / ქართული / русский /
დავით ბიძინაშვილი
მწვანე ეკონომიკა, როგორც ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მოტანის საშუალება საქართველოში

ანოტაცია. მწვანე ეკონომიკა ადამიანების კეთილდღეობისა და სოციალური თანასწორობის მთავარი შედეგია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემო რისკებს და ეკოლოგიურ დანაკარგებს (გაერთიანებული ერების გარემოს პროგრამა, 2010 წელი). მწვანე ეკონომიკა ეკონომიკური განვითარების ის მოდელია, რომელიც მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნაზეა დაფუძნებული. ის ეკონომიკის სხვა დარგებისგან იმით განსხვავდება, რომ პირდაპირ აფასებს ქვეყნის ბუნებრივ კაპიტალს, რომელსაც ეკონომიკური ღირებულება აქვს. მწვანე ეკონომიკა ქმნის მწვანე სამუშაო ადგილებს, უზრუნველყოფს რეალურ, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და ამცირებს გარემოს დაბინძურებას, კლიმატის ცვლილებას, გარემოს დეგრადაციას, რესურსების გამოლევის საშიშროებას. ის სტიმულს აძლევს ბიზნესს, აწარმოოს მწვანე პროდუქტი და მომსახურება.

მწვანე ეკონომიკა სახელმწიფო და კერძო სექტორებს ერთმანეთისაგან არ მიჯნავს. პირიქით, ცდილობს, იპოვოს ეკონომიკური გადაწყვეტილების და დებითი და შედეგიანი ალტერნატივა. მწვანე ეკონომიკის მთავარი რეგულატორია არა სახელმწიფო ან კერძო ბიზნესი, არამედ საზოგადოება, რომელიც ირჩევს და თავად მართავსმას.

საკვანძო სიტყვები: ბუნებრივი რესურსები; სურსათის უსაფრთხოება; ეკოლოგიური ეკონომიკა; ბუნებრივი კაპიტალი; მწვანე პროდუქტი. 

შესავალი (აქტუალობა). მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც ამცირებს გარემოსდაცვით რისკებს და ეკოლოგიურ პრობლემებს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას. ის მჭიდრო კავშირშია ეკოლოგიურ ეკონომიკასთან, ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიღწევას, შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებით აერთიანებს გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს. მწვანე ეკონომიკა მოიცავს ექვს მთავარ სექტორს: განახლებადი ენერგია; მწვანე შენობები; სუფთა ტრანსპორტი; წყლის მენეჯმენტი; ნარჩენების მენეჯმენტი და მიწის მენეჯმენტი.

საქართველოს ეკონომიკის, განსაკუთრებით მისი სამრეწველო სექტორის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის ბუნებრივი რესურსების და მისი ეკოსისტემების გამოყენებაზე. ატმოსფერულ ჰაერში ემისიები, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების და ნიადაგის დაბინძურება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც სამრეწველო და სამთო წარმოება არის განვითარებული. საქართველოს ეკონომიკა გამოირჩევა ენერგიის და რესურსების გამოყენების ძალიან მაღალი ინტენსივობით - ეს მაჩვენებლები საქართველოში 2-2.5-ჯერ აღემატება დასავლეთის ქვეყნების მაჩვენებლებს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროგრამამ „მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (EaP GREEN) და მისმა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) სადემონსტრაციო კომპონენტმა საქართველოს აღმოუჩინა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მწვანე ეკონომიკური განვითარებისკენ სვლაში. RECP პროექტმა ქართულ სამრეწველო საწარმოებში მოახდინა იმ პრაქტიკული გზების დემონსტრირება, რომლებიც აუმჯობესებს წარმოებაში რესურსების გამოყენების პროდუქტიულობას, ამცირებს გარემოზე უარყოფით ზეგავლენას და მოაქვს ეკონომიკური სარგებელი. რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ფართო დანერგვის მიზნით პროექტმა ხელი შეუწყო ინდივიდუალური და ინსტიტუციური შესაძლებელობების განვითარებას, რესურსეფექტური ტექნოლოგიების გადაცემას და შესაბამისი ინვესტიციების მხარდაჭერას, რაც წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკას მცირე და საშუალო საწარმოებებისათვის მწვანე და კონკურენტუნარიანი წარმოების მისაღწევად. 

***

გლობალური მოუსავლიანობის პირობებში, როდესაც სიმცირის გამო სურსათი სულ უფრო ძვირდება, სასურსათო უსაფრთხოება ყოველი ქვეყნისათვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამ დროს საქართველოში ადგილობრივი მოსავალი წლიდან წლამდე მცირდება - გაღარიბებული გლეხი მიწის დამუშავებასაც ვერ ახერხებს, ამიტომ ადგილობრივი სასურსათო მოთხოვნის დაკმაყოფიება იმპორტის ხარჯზე ხდება.

მსოფლიოში საკვებ პროდუქტებზე შექმნილი დეფიციტის გამო მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა და აგრარული სექტორის მაქსიმალურად განვითარების აუცილებლობაზე ალაპარაკდა. მათ შორისაა საქართველოც, რომელსაც დიდი აგრარული პოტენციალი გააჩნია. სტრატეგიის მიზანი დარგის მდგრადი განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნაა. ამით მიღწეული იქნება აგროსამრეწველო პროდუქციის სტაბილური ზრდა, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სოფლად სიღარიბის დაძლევა.

როგორც ჩანს, ხელისუფლება სოფლის მეურნეობის სფეროში პოლიტიკის გადახედვას იწყებს. უახლესი წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობა სახელმწიფოსაგან სუბსიდირებას მიიღებს.

სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ ხელისუფლებაში აქამდეც ხშირად ლაპარაკობდნენ, მიიჩნევდნენ, რომ ეს სფერო საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელია, მაგრამ აქამდე ნაკლებად ახორციელებდნენ უშუალოდ სოფლის მეურნეობის სტიმულირების პროგრამას. ახლა, როდესაც სოფლის მეურნეობის დაფინანსება გაიზარდა, ხელისუფლებას სოფლის მეურნეობის განვითარების დაჩქარება სურს. ვფიქრობ, ეს ანტიინფლაციური ზომა არ არის, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ინფლაციის სოციალური შედეგების განეიტრალების ერთ-ერთი საშუალებაა. ჩვენი აზრით, თავისთავად ის, რომ სოფლის მეურნეობაში ფული შევა და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდება, ხელს შეუწყობს სოფლად სოციალური ფონის გაუმჯობესებას. 

საქართველო მსოფლიოს ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა (მწვანე) ეკონომიკებს შორის 47-ე პოზიციაზეა და მოქცეულია ისეთი ქვეყნების შუაში, როგორიც ურუგვაი და ავსტრალიაა, - ამ მონაცემებს RBC  იელის და კოლუმბიის უნივერსიტეტის კვლევებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

რეიტინგში სულ 132 ქვეყანა მოხვდა. ლიდერები არიან შვეიცარია, ლიეტუვა და ნორვეგია, ათეულში არიან - ლუქსემბურგი, კოსტა რიკა, საფრანგეთი, ავსტრია, იტალია, ბრიტანეთი და შვედეთი. აუტსაიდერებს შორის არიან უზბეკეთი, თურქმენეთი და ერაყი. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოზე უკეთესი მდგომარეობა აქვთ ლატვიას (მე-2), ლიტვას (მე-17), უარესი მდგომარეობა კი - ესტონეთს (54-ე), ბელარუსს (65-ე), სომხეთს (93-ე), ყირგიზეთს (101-ე), უკრაინას (102-ე), რუსეთს (106-ე), მოლდოვას (108-ე), აზერბაიჯანს (111-ე), ტაჯიკეთს (121-ე), ყაზახეთს (129-ე), უზბეკეთს (130-ე), თურქმენეთს (131-ე); აღსანიშნავია, რომ საქართველოს უკან არიან ისეთი ქვეყნები, როგორიც არის აშშ, ისრაელი და თურქეთი.

რეიტინგის ავტორების აზრით, 2000-2017 წლებში ეკოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. გაუარესება აღინიშნა ესტონეთში, საუდის არაბეთში, ბოსნიაში, რუსეთსა და ერაყში.

ეკოლოგიურად სუფთა ეკონომიკის ინდექსი (Environmental Performance Index) შედგენილია 22 პარამეტრის გამოკვლევის შედგად, მათ შორის - წყლის და ჰაერის ხარისხი, გარემოს გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, სატყეო ფონდი, სხვადასხვა მავნე ნივთიერებების ბუნებაში ემისია და ა.შ.

აღნიშნული რეიტინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეკოლოგია დღეისთვის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში არსებული გარემოს პროგრამის თანახმად, მწვანე ეკონომიკა ადამიანების კეთილდღეობისა და სოციალური თანასწორობის მთავარი შედეგია, როდესაც მნიშვნელოვნად მცირდება გარემორისკები და ეკოლოგიური დანაკლისები. მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც დამყარებულია მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნაზე. ის ეკონომიკის სხვა დარგებისგან იმით განსხვავდება, რომ პირდაპირ აფასებს ქვეყნის ბუნებრივ კაპიტალს, რომელსაც აქვს ეკონომიკური ღირებულება. მწვანე ეკონომიკა ქმნის მწვანე სამუშაო ადგილებს, უზრუნველყოფს რეალურ, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და ამცირებს გარემოს დაბინძურებას, გლობალურ დათბობას, გარემოს დეგრადაციას და აფერხებს რესურსების გამოლევის საშიშროებას. მწვანე ეკონომიკა სტიმულს აძლევს და მოტივაციას უქმნის ბიზნესს, აწარმოოს მწვანე პროდუქტი და მომსახურება. ჯერ კიდევ 2010 წელს ბრეტონვუდსის სისტემის მთავარმა ინსტიტუტებმა, მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა დიდი დაინტერესება გამოხატეს მსოფლიო ბიომრავალფროვნების შეფასების მიმართ, რაც მის აქტიურ დაფინანსებას გულისხმობს.

მწვანე ეკონომიკა სახელმწიფო და კერძო სექტორს ერთმანეთისგან არ მიჯნავს. იგი ცდილობს, მოძებნოს ეკონომიკური გადაწყვეტილების პოზიტიური ალტერნატივა. მწვნე ეკონომიკის მთავარი რეგულატორია არა სახელმწიფო ან კერძო ბიზნესი, არამედ საზოგადოება, რომელიც ირჩევს და თავად მართავს მას

"მწვანე ეკონომიკის" ფარგლებში საქართველოს მთავრობამ, უცხოელი ექსპერტების დახმარებით, 15 პროექტი შეიმუშავა, რომელსიც კერძო სექტორს  წარედგინება.

აღნიშნულ საკითხზე გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ერთობლივად მუშაობს. თბილისში გამართულ მწვანე ბიზნესშესაძლებლობების კონფერენციაზე, რომელიც სწორედ "მწვანე ეკონომიკის" საკითხებს მიეძღვნა, აღინიშნა, რომ საქართველოს მწვანე ბიზნესის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და ამ მიმართულებით მთავრობა კერძო სექტორთან ერთად ინტენსიურად იმუშავებს.

პროექტი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის "საჯარო სექტორში რეფორმების მხარდამჭერი კონსულტაციების პროექტის" ფარგლებში ხორციელდება. საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების გუნდი მდგრადი და ეკონომიკურად გამართლებული მწვანე ბიზნესების (მწვანე პროდუქტების წარმოება, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, სუფთა ენერგიაზე დაფუძნებული წარმოება) განსასაზღვრად შეიკრიბა.

 "მწვანე ეკონომიკის" განვითარებისთვის მთავრობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს, თუმცა საბოლოო სიტყვა მაინც კერძო სექტორმა უნდა თქვას. დღეს საქართველოში არსებობს უზარმაზარი პოტენციალი მწვანე ეკონომიკის მიმართულებით. საუბარი არ არის მხოლოდ ჰიდრორესურსებზე, საუბარია ასევე, მწვანე ტრანსპორტის საშუალებებზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე და სხვა. ამჟამად ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე მიმდინარეობს საუბარი და ეს ქართული წარმოების ნატურალური პროდუქციის ევროკავშირის ქვეყნებში გატანის, ასევე ტურიზმის სექტორის ე.წ. მწვანე მიმართულებით გაზრდის და კერძო სექტორისთვის რეალური პროექტების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ასე რომ, შევხედოთ "მწვანე ეკონომიკას," როგორც შემოსავლი ან ბიზნესს."

უკვე დამუშავებულია 15 კონკრეტული პროექტი, რომელიც კერძო სექტორს წარედგინება. ეს არის საერთაშორისო ექსპერტების მიერ დამუშავებული მომგებიანი პროექტები და მნიშვნელოვანია, რომ კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, უკვე მზა პროექტი წაიღონ ბანკში და მოიპოვონ დაფინანსება

გაეროს საქართველოს წარმომადგენლობაში აღნიშნავენ, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს, გაეროს გლობალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოებს რეკომენდაცია გაეწიათ, მოეხდინათ ეკონომიკური ტრანსფორმაცია მწვანე ეკონომიკისაკენ. შეიქმნა ეკონომიკური სტიმულირების პაკეტები, რაც ითვალისწინებს განახლებად ენერგიაზე გადასვლას, მდგრადი სატრანსპორტო საშუალებების გაზრდას, მდგრადი სოფლის მეურნეობის, ორგანული წარმოების მხარდაჭერას, ეკოლოგიური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ მწვანე ეკონომიკა არ არის აბსტრაქტული კონცეფცია, ის რეალობაა, რასაც სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური ზრდისაკენ მივყავართ. სუფთა ენერგიის გეგმის შემუშავებისას ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კალიფორნიის შტატში, 500,000 ახალი მწვანე სამუშაო ადგილი შეიქმნა.

მწვანე ეკონომიკა აქტიურად ვრცელდება მთელ მსოფლიოში, აუცილებელია, ყველა ქვეყანა აქტიურად ჩაებას ამ უწყვეტ პროცესში. მარტო კვლევასა და განვითარებაზე ევროკავშირმა ბიუჯეტი 300 პროცენტით გაზარდა. ჩინეთში სუფთა ენერგიის დასაფინანსებლად 2010 წელს 34 მილიარდი აშშ დოლარი ჩაიდო. შესაბამისად, ჩინეთმა წინ გაუსწრო აშშ-ს განახლებად ენერგოტექნოლოგიებში ჩადებული ინვესტიციების მოცულობით და მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა. ჩადებული ინვესტიციების მოცულობით დიდი ბრიტანეთი მესამე ადგილზე აღმოჩნდა, შემდეგ - ესპანეთი და ბრაზილიაა.

როგორც მიმდინარე ტენდენციები უჩვენებს, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა აქტიურად მიისწრაფვის მწვანე ეკონომიკის დანერგვისაკენ, ვინაიდან მწვანე ეკონომიკა - ეს არის 21-ე საუკუნის ბიზნესშესაძლებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოს მოსახლეობა მუდმივად იზრდება, მაშინ როდესაც ბუნებრივი რესურსების მოცულობა იგივე რჩება და მცირდება კიდეც, მწვანე ბიზნესის განხორციელება აქტუალურია როგორც არასდროს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მწვანე ზრდა საქართველოსთვის ნიშნავს მისი მდიდარი ბუნებრივი, კულტურული და ადამიანური კაპიტალის გახსნას ახალი ბიზნესშესაძლებლობებისთვის, რომლებიც ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. 

დასკვნა

მწვანე ზრდის ინიციატივა არის შემდგომი ნაბიჯი მდგრადი ეკონომიკური განვითარების გზაზე, რაც ხელს უწყობს როგორც ეკონომიკურ ზრდას და სიღარიბესთან ბრძოლას, ასევე გლობალური საზოგადოებრივი სიკეთეების დაცვას (მაგ., ბიომრავალფეროვნების დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საშუალებით). მისი განხორციელება მოხდება არსებული ეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოებში, რომელიც ითვალისწინებს კერძო სექტორზე ორიენტირებულ პოლიტიკას, არაპროტექციონისტული საერთაშორისო ვაჭრობის პოლიტიკასა და არადისკრიმინაციულ მიდგომას.

ჩვენი აზრით, ამ სტრატეგიის განხორციელება გაზრდის სოფლად დასაქმებას, ალტერნატიული არასასოფლო-სამეურნეო სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, საექსპორტო პროდუქციის მოცულობის მატებასა და მის დივერსიფიცირებას.

ეს ის პირობებია, რომელთა შესრულებაზეც სახელმწიფომ უნდა იფიქროს. მხოლოდ ამის შემდეგ განვითარდება სოფლის მეურნეობა.  რამდენიმე წლის განმავლობაში ასეთი პოლიტიკის გატარებით მივაღწევთ იმას, რომ სოფლად მოსახლეობის შემოსავალი გაიზრდება.

საჭიროა, ნაბიჯ-ნაბიჯ გავუნულოთ და გადასახადებისგან სრულად გავათავისუფლოთ სოფლის მეურნეობის სექტორი, რომელიც საქართველოში შეძლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას.

მწვანე ეკონომიკური პროგრამის რეალიზაციისათვის აუცილებელია შემუშავდეს ყველა მსხვილი სამრეწველო საწარმოს განვითარების პერსპექტივები, განისაზღვროს მათი ადგილი და როლი რესპუბლიკის ეკონომიკაში, დასაბუთდეს მათი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობა და ეკოლოგიური უსაფრთხოება, მატერიალურ-ტექნიკური და სანედლეულო უზრუნველყოფა, არსებული სახით მათი არსებობის უპერსპექტივობის დადასტურების შემთხვევაში უნდა შემუშავდეს მათი კონვერსიის პროექტები ან ლიკვიდაციის პროგრამა.

აუცილებელია, პირველ რიგში აღმოვფხვრათ ის ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც დღეს გვერგო და მეორე მხრივ - გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ეს უნიკალური სიმდიდრე და უახლოეს წლებში მივიღოთ ისეთი შედეგები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მწვანე ეკონომიკის მქონე ქვეყნის პოზიციონირებას.

ჩვენი აზრით,  მწვანე ეკონომიკა არის ცხოვრების ახალი წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით და ვუვლით გარემოს, ამავე დროს, ვაგროვებთ ცოდნას, ვინაწილებთ პასუხისმგებლობას და, შედეგად ვიღებთ სუფთა ჰაერს, სუფთა წყალს, ხარისხიან საკვებს. საბოლოო ჯამში კი - ჯანსაღ გარემოს და ძლიერ, კონკურენტუნარიან ეკონომიკას. 

გამოყენებული ლიტერტურა

  1. http://economy.ge
  2. http://geostat.ge
  3. http://mof.ge
  4. .http://eiec.gov.ge/თემები/მწვანე-ეკონომიკა.aspx
  5. http://european.ge/mwvane-ekonomikuri-doqtrinistvis-tezisebi/
  6. http://recp.ge/wp-content/uploads/2018/01/Green-economy-newsletter-GE-1.pdf
  7.  https://www.bpn.ge/